shtabi.tk
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS







ანი ხანჩალიანი
15.05.2010, 17:34



13 წლის ანი ხანჩალიანი მრავალშვილიანი ოჯახის მეოთხე, ნაბოლარა შვილია. ბავშვობიდან მღერის. ამბობს, რომ მუსიკალური ნიჭი მშობლებისგან გამოჰყვა. ადრე გლდანში, თავისი საცხოვრებელი სახლის წინ კონცერტებს მართავდა, მოსაწვევებს არიგებდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ბილეთებსაც ყიდდა.

შემდეგ გადაწყვიტა, "ნიჭიერში" ეცადა ბედი. ალბათ კარგად გახსოვთ, პირველ შესარჩევ ტურზე თვალცრემლიანი პატარა გოგონა ძმის ავადმყოფობის გამო რომ ტიროდა. მაშინ მისი უფროსი ძმა საავადმყოფოში იწვა, ნერვიულობის მიუხედავად, ანიმ მშვენივრად გაართვა სიმღერას თავი და ჟიურის სიმპათიაც დაიმსახურა. მეორე ტურში ანი მაყურებელის რჩეული გახდა. ახლა კი ფინალისთვის ემზადება.


- ანი, შენ შესახებ გვიამბე...
- ვსწავლობ 132-ე საჯარო სკოლაში. პარალელურად დავდივარ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის #1 სამუსიკო სასწავლებელში - ნიჭიერთა ათწლედში. ექვსი წელი ფორტეპიანოს ვსწავლობდი, შემდეგ მირჩიეს, სხვა ინსტრუმენტიც ამერჩია და ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე, ვიოლინოზე დაკვრა ვისწავლე. მესამე წელია, ამ ინსტრუმენტს ვითვისებ. ძალიან მომწონს ვანესა მეი, მინდა, მასსავით ვუკრავდე. დავდივარ ცურვაზეც. თავისუფალ დროს ვხატავ. გაკვეთილებისთვის ბევრი დრო არ მრჩება, ზოგჯერ გვიანობამდე მიწევს მეცადინეობა, ცუდი მოსწავლე არ ვარ.

- ასეთ მრავალრიცხოვან ოჯახში რთული არ არის მეცადინეობა?
- არა, პირიქით, ძალიან მხიარული ოჯახი გვაქვს და ეს მომწონს. ზოგჯერ ვჩხუბობთ კიდეც მე და ჩემი პატარა ძმა, ხუმრობით. ჩემი და ყველაზე უფროსია, გათხოვილია, მალე მეორე დისშვილს გამიჩენს. როცა სამეცადინო მაქვს, ჩემს ოთახში შევდივარ, იქ ხელს არავინ მიშლის.

- "ნიჭიერში" როგორ მოხვდი?
- ბავშვობიდან ვმღერი, ვცეკვავ, სამი-ოთხი წლის წინ ეზოში კონცერტებსაც ვმართავდი, მეგობრები მეხმარებოდნენ. ჩემი პატარა ძმა დიჯეი იყო. იმპროვიზებული კულისები ჩემი სადარბაზო იყო, გამოსაცვლელი კაბებიც მქონდა, კონცერტის მსვლელობისას კიბეზე მოძრაობაც კი ავკრძალე (იცინის). ბილეთებს ვყიდდით, 50 თეთრად, მოსაწვევებიც დავარიგეთ. ერთი სიტყვით, არაერთი სოლოკონცერტი მაქვს ჩატარებული, უბანში ყველა მიცნობს. ერთხელ წვიმა მოვიდა და მაინც გავმართე კონცერტი. წვიმაში ვმღეროდი. იმ პერიოდიდან მინდოდა, რამე კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ფინანსურად საკმაოდ გვიჭირდა და ვერ ვახერხებდი. "ნიჭიერმა" მომცა შანსი, ფართო აუდიტორიისთვის მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობა.

- პირველ ტურზე ნამტირალევმა იმღერე, რატომ?
- წინა დღეს ჩემი უფროსი ძმა, არტური საავადმყოფოში დააწვინეს. სისხლის დაავადება აქვს, თან ვირუსი შეეყარა და გაურთულდა მდგომარეობა. დედამ მითხრა, მე მაინც მოვალ ოპერასთან, შეგიყვან და მერე წავალო. დედას იქით ვამშვიდებდი, არ ინერვიულო, კარგად ვიმღერებ-მეთქი, მაგრამ მერე მაინც ამიჩუყდა გული და ვიტირე. სანამ სცენაზე გავიდოდი, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ დავიწყე თუ არა სიმღერა, ჩემს ძმაზე ვფიქრობდი, მისთვის ვმღეროდი და ყველაფერი კარგად დამთავრდა.

- პოპულარობა მოგწონს?
- რა თქმა უნდა, სკოლაში ყველა მცნობს, კეთილგანწყობილი არიან ჩემ მიმართ, გვასახელეო, მეუბნებიან. ამას წინათ გადაღებიდან მოვდიოდით, მოძრაობის საწინააღმდეგოდ წამოვიდა ჩვენი მანქანა. პატრულმა გაგვაჩერა, ჯარიმას უწერდნენ მძღოლს, მერე მე დამინახა და მიცნო. ჩემი ძველი მეზობელი აღმოჩნდა. მაშინ გლდანულაში ვცხოვრობდი და გაახსენდა, კონცერტებს რომ ვმართავდი ეზოში, გადავრჩით დაჯარიმებას... უკვე თაყვანისმცემლებიც გამიჩნდა. 8 მარტს ქუჩაში ერთი ბიჭი მოვიდა და ვარდი მაჩუქა, ძალიან კარგად მღერი, შენი თაყვანისმცემელი ვარო, მითხრა.

- ეს ძმებმა იციან?
- (იღიმის) ჰო, აბა, ვარდით მივედი სახლში და...

- შენს ხასიათზე რას მეტყვი?
- მხიარული ვარ, ზოგჯერ მეც მწყინს რაღაცები, მაგრამ იშვიათად ვიმჩნევ ამას, გულიც რომ მევსება წყენით, მაინც ვითმენ.

- "შატალოებზე" არ დადიხარ?
- "შატალოზე" ვოცნებობთ, ისეთი სიმკაცრეა ჩვენთან. მაინტერესებს კიდეც, რა არის ეს "შატალო". ბიჭები კი არიან მზად, მაგრამ გოგონებს ეშინიათ გარისკვა და არ მიდიან. თქვენ დადიოდით შატალოზე? იცით, როგორ მაინტერესებს, როგორია გაკვეთილის გაცდენა?

- ჰო, მე რომ შენხელა ვიყავი, ასეთი სიმკაცრე არ იყო სკოლაში, დავდიოდი, მაგრამ ხშირად არა.
- მე რომ რამე ცუდს ვაკეთებ, ვფიქრობ, დედას არ ვეტყვი-მეთქი, მაგრამ მერე მაინც ვუყვები ყველაფერს. არაფრის დამალვა არ შემიძლია.

- ფინალში რას აპირებ?
- ფინალში უკვე შესრულებული ორი სიმღერიდან ერთ-ერთი უნდა ავირჩიო. მე მეორე სიმღერას ვიმღერებ, ბიორკის ყოუ ონლყ ლივე ტწიცე, შესავალს თავად დავუკრავ ვიოლინოზე. ვნახოთ, რა იქნება, წარმატებებს ვუსურვებ ყველა ფინალისტს.

ანი 2 წლიდან მღერის. პატარაობაში ქართულ სიმღერებს მღეროდა. ცოტა რომ გაიზარდა, უცხოურ რეპერტუარზე გადავიდა. სულ პატარა იყო, როცა "ტიტანიკის” ცნობილ საუნდტრეკს ასრულებდა :)

მასწავლებელი არასდროს არ ყოლია. სხვათაშორის, არც ნახევარფინალისთვის უვლია ვოკალისტთან. თუმცა თუ ფინალში გადავიდა, ამბობს, რომ აუცილებლად პროფესიონალურად მოემზადება.

ანი ფორტეპიანოს სწავლობს 6 წლიდან. 3 წელია, რაც ვიოლინოს სწავლაც დაიწყო და უკვე საკმაოდ რთული ნაწარმოებების დაკვრა შეუძლია! მომავალში აპირებს კონსერვატორიაში ჩააბაროს ვოკალის განხრით და ვიოლინოზე დაკვრაც განაგრძოს!




კატეგორია: მუსიკა  დაამატა: BaRamBO ნანახია: 981 კომენტარი: 0 რეიტინგი: 5.0/1



სულ კომენტარებ: 0
                              
         






გადაიწერე DivX პლეიერი

Opera 11 Firefox Google Chrome
         





        
Guestbook
       პოპულარულები 


Silent Hunter 5

Just cause 2

Underground 2

NFS Pro Street FULL

ShTaBi.uCoZ.CoM_ By "GaBe" ©Copyright 2025